"ჰილარი კლინტონს არ უნდა აღელვებდეს რუსეთის ჯარის ყოფნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აქ ისინი კანონიერად იმყოფებიან", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მზადყოფნა გამოთქვა მის განხორციელებაში დახმარებისთვის. კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს.
"ამ სტრატეგიას არარეალურად და განუხორციელებლად მივიჩნევთ და კომენტარის გაკეთებას მის შინაარსთან დაკავშირებით არ ვაპირებთ. რაც შეეხება ე. წ. ოკუპაციას, არც ქალბატონ კლინტონს და არც ვინმეს კიდევ არ უნდა აღელვებდეს რუსეთის ჯარის ყოფნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ისინი აქ აბსოლუტურად კანონიერ საფუძველზე იმყოფებიან სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს: "რატომ არ ინტერესდებოდნენ დასავლეთის მაღალჩინოსნები, მაგალითად, ახალგორის რაიონით ადრე, როდესაც იგი საქართველოს ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. მაშინ ამის შესახებ არავინ საუბრობდა".
"ახლა კი რუსეთის დახმარებით, გავათავისუფლეთ ოდითგანვე ჩვენი ტერიტორიის ნაწილი და იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში მთელი სამხრეთ ოსეთი აყვავებული ტერიტორია გახდება", _ აცხადებს ჩიგოევი.