სახელმწიფო დაცვა არ არის თემა, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უნდა ისაუბროს, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განაცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვა სჭირდება და ამას დაასაბუთებს, დაცვა კვლავ დაენიშნება.
„მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა სახელმწიფო დაცვა. როგორც კი, დაცვის საჭიროებას განაცხადებს და დაასაბუთებს, კანონი დაცვის აღდგენას ითვალისწინებს და დაცვა აღუდგება, არამხოლოდ გიორგი მარგველაშვილს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რამე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს. გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ მის მიმართ რამე საფრთხე არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას დაცვა გაუუქმეს. „ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს მარგველაშვილი.