დევნილების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე შეუძლებელია, ამასთან ერთად ყველა აქ დაბრუნებულმა დევნილმა უნდა აღიაროს, რომ ისინი დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთში ბრუნდებიან. აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
"დევნილების დაბრუნებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის გარეშე", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტთან საუბარში ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ "ამგვარი საკითხების გადაწყვეტა, სწორედ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებიდან გამომდინარეობს".
"დევნილი-ოსები საქართველოში ამ ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ვერ დაბრუნდებიან, იმიტომ, რომ მათ იქ ყოფნისას უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, დევნილების დაბრუნების პრობლემის განხილვა ცალმხრივად არ შეიძლება, ხოლო ამის სწორედ ასე გაკეთებას ცდილობენ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები.
"ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ თავს არ ვარიდებთ დევნილების საკითხის განხილვას, მაგრამ ამ პრობლემის განხილვა 1989 წლიდან უნდა დავიწყოთ. მანამდე კი ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები თავს არ დაანებებენ მხოლოდ იმის მხარდაჭერას, რომ რომ ქართველი დევნილები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და არ დაიწყებენ საუბარს საქართველოდან გამოდევნილი 100 000 ოსი ეროვნების მოსახლეობაზე ჩვენ ამ საკითხის განხილვას სერიოზულად არ ვაპირებთ. ყველაფერი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე განცხადებით, ყველა დევნილმა, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდება უნდა აღიაროს, რომ ისინი "სამხრეთ ოსეთის სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბრუნდებიან".
მასალის გამოყენების პირობები