თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ გუნდში არანაირი სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის და ქვეყანას ძლიერი პრემიერმინისტრი ჰყავს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.
"არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ, საზოგადოებაც. ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერმინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურ რეჟიმში", - თქვა კალაძემ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლოა, სუს-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაანაცვლოს. კახა კალაძე ამ კითხვას პირდაპირ არ პასუხობს და კვლავ ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და მთავრობა, რომლებიც "ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს".