სეპარატისტული აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს.
კერძოდ, აფხაზი ხალხის სახელით მისალოცი ბარათი ვლადიმერ პუტინის სახელზე მოსკოვში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ გააგზავნეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ჩვენს ქვეყანაში თქვენ განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობთ და ჩვენ რუსეთის მეგობრულ მხარს მუდმივად ვგრძნობთ", _ ნათქვამია ბაღაფშის წერილში.
სერგეი შამბა კი პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთის პრემიერის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს.
"აფხაზეთში მადლიერებით აღნიშნავენ თქვენს როლს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხში. ჩვენი ხალხი, გრძნობს რა რუსეთის მხარდაჭერას თავდაჯერებით უყურებს მომავალს", _ ნათქვამია შამბას მისალოც წერილში.