ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის პრეზიდენტი ნიკა რურუას უპასუხისმგებლობასა და უზრდელობაში ადანაშაულებს
ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ზარინ მეტა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და უშუალოდ მინიტრ ნიკა რურუას უპასუხისმგებლობასა და უზრდელობაში ადანაშაულებს. რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში ზარინ მეტა აღნიშნავს, რომ ქართული მხარის მიერ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის საქართველოში გასტროლების დაბლოკვით, ფილარმონიის ორკესტრმა 500 ათასი დოლარი იზარალა.
ზარინ მეტას განმარტებით, 10 სექტემბრამდე ექვსი კვირის მანძილზე ორკესტრის ხელმძღვანელობა ცდილობდა დაკავშირებოდა კულტურის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.
"არავინ პასუხობდა ჩვენ სატელეფონო ზარებს გარდა ხალხისა, ვინც ადგილზე ბათუმში სცენაზე ფიზიკურად მუშაობდა. სამინისტროდან არავინ გველაპარაკებოდა - ელემენტარული თავაიანობა არ ეყოთ, ჩვენს სატელეფონო ზარებსა და წერილებზე ეპასუხათ. ესეც ძალიან გულდასაწყვეტია - წმინდა წყლის უზრდელობაა მინისტრისა და სამიისტროს მხრიდან", - განაცხადა ზარინ მეტამ.
მისივე განცხადებით, ქართულმა მხარემ კონცერტი თანხების არ ქონის გამო ჩაშალა, თუმცა ამის შესახებ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელობისთვის არაფერი უთქვამს,
"არ ვიცოდით, რომ დაფინანსების პრობლემა ჰქონდათ. მათ ადრე მოგვწერეს, რომ გადაიხდიდნენ ჰონორარს, გადაიხდიდნენ სასტუმროს ფულს, მგზავრობის ფულს ორივე მიმართულებით. ეს მოგვწერეს აპრილსა თუ მაისში. მაქვს ელექტრონული წერილები", - აღნიშნა მეტამ და დასძინა, რომ მათ ჩარტერული რეისების ხარჯის შესახებ მთავრობისათვის არ უთქვამთ, რადგან ეს თანხები მოგვიანებით ირკვევა ხოლმე.
"მაგრამ დაახლოებით, გვქონდა წარმოდგენა რა დაჯდებოდა და ეს ვუთხარით მთავრობას. ასე რომ, უცებ რომ მოგვიტრიალდნენ და გვითხრეს ამ თანხას ვერ გავწვდებითო... არავის უთქვამს ჩვენთვის: "იცით ძვირია". როგორ მოვიქცეთ ხარჯების დასაზოგად? შეიძლება ამაზე მოვილაპარაკოთ? ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე, მაგრამ როგორც გითხარით, კომუნიკაცია არ ყოფილა", - აღნიშნავს მეტა.
იგი იმსაც აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებული არ ყოფილა. კითხვაზე აპირებს თუ არა სასამართლოში ჩივილს მეტა აცხადებს, რომ ამ საკითხის სერიოზულად განხილვას არ აპირებს, თუმცა იურიდიულ კონსულტანტებს აუცილებლად დაელაპარაკება.
"ოღონდ არ ვიცი, როგორ უნდა შეიტანო საჩივარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს მეტა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის საქართველოში გასტროლები ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, ორკესტრს ორი კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ერთი თბილისში და ერთი ბათუმში. არაფოციალური ინფორმაციით, გასტროლები საქართველოს მთავრობამ უსახსრობის გამო ჩაშალა. კულტურის სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.