პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ახმეტელის თეატრში შერეული ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა. ნოღაიდელმა შეხვედრის მონაწილეებს მოსკოვში თავისი ვიზიტის დეტალები გააცნო და საქართველოს მთლიანობის აღდგენის საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.
"მიუხედავად უამრავი დაღვრილი სისხლისა, გადამწვარი ქალაქებისა და სოფლებისა, ქართველებსა და ოსებს შორის საერთო ენის გამონახვა აუცილებელია", _ განაცხადა მან.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ციცინო ქარქუსოვი აცხადებს, ოსების თვითმყოფადობის ერთადერთ გზას ქართველების გვერდით დგომა წარმოადგენს.
ნოღაიდელი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი მდგომარეობის შექმნას, როდესაც ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს ერთად ცხოვრება აღარ შეეძლებათ.
"ერთმანეთს ოპტიკური სამიზნიდან არ უნდა ვუყურებდეთ", _ აცხადებს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი. იგი მომავალშიც აპირებს აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენლებთან, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, დიალოგის გაგრძელებას.
"დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა: შევინარჩუნოთ საქართველოს გაერთიანების შანსი და დავიბრუნოთ რუსეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა და ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზარი", _ აღნიშნა ახმეტელის თეატრში გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა.