საავადმყოფომ, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში ათ დღეში ააშენეს, ახალი კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტები მიიღო. იუწყება Associated Press-ი.
გავრცელებული ცნობით, ახალი პალატები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით. ჰოსპიტალი ათას პაციენტზეა გათვლილი.
საავადმყოფოს მშენებლობა ქალაქის გარეუბანში 23 იანვარს დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 261-ს შეადგენს, დაავადებულთა რიცხვი კი 17 238-ს აღწევს. ჩინეთის საზღვრებს მიღმა, 20 ქვეყანაში დაავადებულია 100 ადამიანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა 17 405-ია, მათ შორის 17 222 ჩინეთის ტერიტორიაზე.
3 თებერვლის მონაცემებით დაღუპუთა რაოდენობამ 361 ადამიანს მიაღწია.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.
დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ძლიერი ტკივილი.
ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, რუსეთში, ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.