უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მაგრამ საპანიკო და თავზე ნაცარწასაყრელი არაფერი არ გვჭირს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმი, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ ისეთზე, რომელიც სანერვიულო არ არის და არ ვნერვიულობთ რაღაცებზე, რომელიც სანერვიულოა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მაგრამ საპანიკო და თავზე ნაცარწასაყრელი არაფერი არ გვჭირს“, - თქვა იმნაძემ და აღნიშნა, რომ ეს დაავადება არ არის განუკურნებელი.
„ოფიციალური მონაცემებით, 200-ზე ცოტა მეტია გარდაცვლილი და თითქმის 200 გაწერილი. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც უკვე გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არ არის განუკურნებელი. ჯერ მონაცემები ცოტაა, მაგრამ ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში და ეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო სარსის დროს - თითქმის 10%, მერსის დროს - 30%-ზე მეტი. ეს არის წინა კორონავირუსები“, - განაცხადა იმნაძემ.