საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარზე, ერგნეთის დასახლებულ პუნქტში, ოსური, რუსული და ქართული მხარეების სამმხრივი შეხვედრის მესამე რაუნდი გაიმართა, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობდა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში გაიმართა. განცხადება აღნიშნული შეხვედრის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა გააკეთა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამარბერგისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შედგენილი ანგარიშის განხილვის ფონზე გაიმართა.
შეხვედრაზე ოსურმა მხარემ კვლავ განაცხადა, რომ მათი ე. წ. მოქალაქეები საქართველოს ციხეებში იმყოფებიან და მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც აქვთ.
"ჩვენ მოვითხოვეთ ქართული მხარის წარმომადგენლებისაგან, განიხილონ ჩვენი წინადადებები და ჩვენი დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარ შეხვედრებში ჩვენი მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ", _ აცხადებს ჩიგოევი.
მისი თქმით, ამ საკითხზე მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.