არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიეთ მეგობარს აზიანებს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობა, როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
"როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი.
თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა, როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა", - თქვა ვოლსკიმ.