ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე.წ. "რიყის დოქების" გასხვისებას გეგმავს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, "რიყის დოქების" მშენებლობა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა და დღემდე ის უფუნქციოდაა დარჩენილი.
მინისტრის თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარია და მთავრობა აუქციონში არ განსაზღვრავს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.
როგორც თურნავა ამბობს, აქცენტი გაკეთდება "რიყის დოქების" კომერციულ და მიზანშეწონილ განვითარებაზე.
მისივე ინფორმაციით, აქუციონი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან გამოცხადდება.
„უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა, მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე მისი მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში საკმაოდ დიდძალი თანხა დაიხარჯა, ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, თავისი ფუნქცია, არადა, ის ძალიან თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული - თბილისის შუაგულში, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, სადაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს ქალაქს და ამ უბანს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, გამჭვირვალე აუქციონის გზით შესაძლებელი იქნება იმის გატესტვა, თუ რამდენად რეალურია და ობიექტური ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. „ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ღია, საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით საბოლოო ჯამში თავისი სწორი გამოყენება ვუპოვოთ ე.წ. რიყის დოქებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება ამ ობიექტისთვის დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები", - განაცხადა მინისტრმა.