აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში გასული წლის საინვესტიციო პროექტები შეაჯამა, ისაუბრა 2020 წლის გეგმებზე.
"გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში, აჭარაში განახლდა 45 პროექტზე მეტი, ერთი მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელით. მნიშვნელოვნია, რომ გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა აჭარაში.
მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში შეიქმნა 2000 სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ 6000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილშიც 9 თვის მონაცემით გვაქვს 43 % ზრდა, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ნაწილში გვაქვს შთამბეჭდავი შედეგი, 2019 წლის ბიუჯეტი 95 %-ით შესრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.