თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.
"დღევანდელი ფაქტი , რომელიც საკრებულოში მოხდა, ძალიან სამწუხარო და ცუდია. არავისთვისაა სიახლე, რომ ხაბეიშვილი ყოველთვის დაკავებულია სიცრუით, ცილისწამებით, სიბინძურით. თუმცა, ნამდვილად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება.
იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ოპონირების რეჟიმში, ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე, განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ და განსაკუთრებით ამით გამორჩეულია ლევან ხაბეიშვილი, პირად შეურაცხყოფას, ოჯახის წევრების შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ძალიან ბევრ სიბინძურეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
მე ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადავიდეთ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი შეურაცხვყოთ, ცილი დავწამოთ, ყოველგვარი საფუძველის გარეშე, ათასგვარი სიბინძურე მოვუგონოთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაკვირველია, ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.