რუსი დეპუტატები ევროსაბჭოს საშემოდგომო ასამბლეის სესიაზე კოკოითისა და ბაღაფშის ჩასვლას ითხოვენ. მათი განმარტებით, ევროსაბჭომ კონფლიქტის რეალური ისტორია აფხაზებისა და ოსებისგან უნდა მოისმინოს. რუსი დეპუტატების აღნიშნულ მოთხოვნას ბრიტანელი დეპუტატი დევიდ უილშირიც უერთდება.
"მათი ჩამოსვლის საკითხს კომიტეტი გადაწყვეტს. უნდა ვიქონიოთ მოთმინება და ვისწავლოთ მოსმენის კულტურა მათ შორის, იმასაც უნდა მოვუსმინოთ, ვისაც არ ვეთანხმებით", - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.
მანვე, სერგეი მარკოვის თბილისში არ შემოშვებაზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ ეს ეპიზოდი ნათლად აჩვენებს, რომ ევროსაბჭომ წესები და პრინციპები უნდა შეცვალოს.
"რაც შეეხება მარკოვის თბილისში ჩამოსვლას ეს უკვე მომხდარი ფაქტია მასზე საუბარი არაფერს მოგვიტანს. ეს ეპიზოდი ნათლად გვაჩვენებს, რომ ორგანიზაციას ახალი წესები და პრინციპები აქვს მისაღები. მაგალითად თუ ბრიტანეთს არ სურს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიმე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე შეუშვას შესაბამისი წესი უნდა აამოქმედოს, ასეთი წესები კი სამწუხაროდ არ გვაქვს", - განაცხადა უელშირმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ უილშირი ის დეპუტატია, რომლის მოხსენებაც ევროსაბჭომ იმის გამო არ მოისმინა, რომ იგი მოსკოვში ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ საელჩოში იმყოფებოდა.