რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. იტყობინება რუსული მედია თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ე.წ. თავმჯდომარე თამაზ გოგია.
თამაზ გოგიას განცხადებით, ე.წ. საარჩევნო კომისიის ე.წ. წევრებმა გადაწყვეტილება "თითქმის ერთხმად" მიიღეს.
გასულ წელს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამჟამინდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ხაჯიმბამ მიიღო ხმების 47.38%, ხოლო ოპოზიციური „ამცახარას" ლიდერმა ალხას კვიცინიამ 46.19%.
პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო კვიცინიას - 22.91%-მა.
2020 წლის 10 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი.