ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა და მოუწოდა ირანს თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობის ესკალაციისგან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
"ვგმობ ირანის სარაკეტო შეტევებს ერაყში განთავსებულ აშშ-ისა და კოალიციის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ნატო მოუწოდებს ირანს თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან", - წერს სტოლტენბერგი.
რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.