ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ქუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
ინფორმაცია თავდაპირველად მედიის საშუალებით გავრცელდა.
მოგვიანებით, პენტაგონმა დაადასტურა, რომ გენერლის მკვლელობა ამერიკული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომლის განხორციელების განკარგულება პირადად შეერთებული შტატების პრეზინდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
"ქუდსი", რომელსაც ის [გენერალი სულეიმანი] ხელმძღვანელობდა, აშშ-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. ეს დაჯგუფება პასუხისმგებელია ურიცხვი ამერიკელის სიკვდილზე", - წერია შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ერაყში შეერთებული შტატების საელჩოს და მის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. თუმცა მათი მოგერიება მოახერხეს ამერიკელმა სამხედროებმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გმობენ აშშ-ის მიერ ერაყში განთავსებულ "ჰეზბოლას" ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშს, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის საელჩომ ბაღდადში, საპროტესტო აქციების გამო, მუშაობა შეწყვიტა.