ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტერ მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება. შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები ბრიუსელში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრი სიბიჰამ და ანიტა ორბანმა განიხილეს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
სიბიჰას განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ და უნგრეთმა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და ნორმალიზების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
„ეს სრულად ასახავს უკრაინის მისწრაფებას, უნგრეთთან და უნგრელ ხალხთან კეთილმეზობლური, საიმედო და მტკიცე ურთიერთობები დაამყაროს. შევთანხმდით, რომ ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა გამოვიყენოთ და ერთობლივად მოვემზადოთ ჩვენი ლიდერების შეხვედრისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გაიმართება“, - წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 3 დეკემბერს უკრაინა და უნგრეთი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.