საბავშვო ბაღების, სოციალური სასადილოების, უკანონო მშენებლობების მფარველობისთვის ქრთამის აღების შემდეგ, თბილისის მეტროც გაძარცვეს - კალაძე ისევ არაფერ შუაშია და მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი?, -ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლლეოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„41 105 298 ლარი!
არ მოგესმათ, საუბარია 41 მილიონ 105 ათას 298 ლარზე!
თბილისის მერია შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელია.
თავის მხრივ, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ფლობს სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის" 50%-იან წილს.
მეორე 50% კი შპს "ინდუსტრიული ინვესტმენტს" ეკუთვნის.
დღეს გამოძიების ფარგლებში დააკავეს სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის" სამი თანამშრომელი, მათ შორის, დირექტორი.
კიდევ ერთი დაკავებული პირი სხვა კომპანიების ხელმძღვანელია.
მათ ბრალად ედებათ სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება.
როგორც ვთქვით, საუბარია 41 105 298 ლარზე.
ეს ფული უნდა მოხმარებოდა მეტროს მოდერნიზაციას, ადამიანების უსაფრთხოებასა და მათ ყოველდღიურ გადაადგილებას.
ეს ამბავი ვეღარ შეფასდება თბილისის მერიაში მორიგ კორუფციულ სკანდალად.
საქმე ეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
თბილისის მეტრო ვიღაცების გამდიდრების წყარო არ არის!
ეს არის ასი ათასობით ადამიანის ყოველდღიური ტრანსპორტი, მათი უსაფრთხოება და ქალაქის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს ყოველდღიურად 430-450 ათასი მგზავრი გადაჰყავს, პიკურ დღეებში კი ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს აჭარბებს.
საბავშვო ბაღების, სოციალურად დაუცველთა სასადილოების, უკანონო მშენებლობების მფარველობისთვის ქრთამის აღების შემთხვევების შემდეგ, თბილისის მეტროც გაძარცვეს.
დიდი კითხვის ნიშნით ისმება კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის კორუფციასა და თბილისელების უპრეცედენტო ძარცვაზე?
ვის უნდა გაეკონტროლებინა ეს ყველაფერი?
თბილისის კიდევ რამდენ საქალაქო სამსახურსა თუ ორგანიზაციაში უნდა მოიპარონ ფული, რომ დადგეს თბილისის მთავრობის, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?
კახა კალაძე ისევ არაფერ შუაშია და მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი?“-წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.