ევროკავშირი მზად არის, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში მრავალმხრივი ფორმატით ჩაერთოს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინიომ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებები მრავალმხრივ ფორმატში გავაგრძელოთ. კონკრეტული ადგილმდებარეობა ჯერ არ განხილულა, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, მრავალმხრივ დონეზე ჩავერთოთ“, - განაცხადა პინიომ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე ევროკავშირს ევროპული გუნდი წარმოადგენს, რომელშიც ე.წ. E5-ის ხუთი ქვეყანა და ევროკავშირის ორი ინსტიტუტი - ევროკომისია და ევროპული საბჭო იქნებიან წარმოდგენილი.
E5-ში შედიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი.
„ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებით, შეიქმნება ევროპული გუნდი, რომელიც E5-ის ქვეყნებისა და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებისგან შედგება. ეს არის შეთანხმებული ფორმატი“, - აღნიშნა პინიომ.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების სხვა მონაწილე მხარეებიც ერთზე მეტი წარმომადგენლით იქნებიან წარმოდგენილი.
პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების შინაარსობრივ საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. მისი თქმით, ძირითადი ყურადღება ორ მიმართულებაზეა გამახვილებული: უკრაინისთვის მყარი და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებასა და ომისშემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და კეთილდღეობის პაკეტზე.
ევროპული გუნდის შემადგენლობაზე ევროკავშირის ლიდერები 13 ნოემბერს, დუბლინში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.