ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო საჭიროებებისთვის დამატებით 1.71 მილიარდი ევრო გამოუყო. თანხა დრონების, საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის ადრეული გაფრთხილების რადარებისა და რაკეტების შესაძენად არის განკუთვნილი.
ამის შესახებ 16 ნოემბერს ევროკომისიამ განაცხადა.
მორიგი დაფინანსება უკრაინას ევროკავშირის 90-მილიარდიანი მხარდაჭერის სესხის ფარგლებში გადაერიცხა. ეს თავდაცვის კომპონენტით გათვალისწინებული უკვე მერვე ტრანშია.
ევროკომისიის განმარტებით, თანხა უკრაინულ და ევროპულ კომპანიებთან სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის კონტრაქტებს მოხმარდება. დაფინანსების დაახლოებით 40% ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებულ მწარმოებლებთან გაფორმებულ კონტრაქტებზე დაიხარჯება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და იმუშავებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ჩათვლით, უკრაინას თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში უკვე 18.1 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.
ამასთან, 2026 წლის ბოლომდე უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის სახით დამატებით 23.6 მილიარდი ევროა ხელმისაწვდომი.