2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა. მათ შორის ყველასათვის საყვარელი მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები თუ მუსიკოსები.
წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ადამიანები
გია ყანჩელი

2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი.
გია ყანჩელი ენიო მორიკონესთან, ნინო როტასთან და ჰანს ციმერთან ერთად შესულია მსოფლიოს 20 საუკეთესო კინომუსიკის შემქმნელთა შორის.
ჯესი ნორმანი

გრემის მფლობელი ამერიკელი საოპერო მომღერალი, სოპრანო ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნორმანი ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც საოპერო სცენაზე თვალუწვდენელ წარმატებას მიაღწია.
მომღერალმა 2006 წელს გრემის Lifetime Achievement Award მოიპოვა, ხოლო 2009 წელს ბარაკ ობამამ ხელოვნების ეროვნული მედლით დააჯილდოვა.
ანიეს ვარდა

სახელგანთქმული ფრანგი კინორეჟისორი ანიეს ვარდა 2019 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.
ანიეს ვარდას, 1950-იან წლებში, ფრანგულ კინემატოგრაფში "ახალი ტალღის" დაბადებასაც უკავშირებენ. მან ისეთი მხატვრული ფილმები გადაიღო როგორიც "ბედნიერება", "პუენტ-კურტი", "ჟაკო ნანტიდან" და სხვა ფილმებია. ვარდა, ბერნარდო ბერტოლუჩის " უკანასკნელი ტანგო პარიზშის" თანასცენარისტიცაა.
გიორგი დანელია

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.
გიორგი დანელიამ გადაიღო ფილმები "არ დაიდარდო", "მიმინო", "აფონია", "შემოდგომის მარათონი"," ქინ-ძა-ძა", "პასპორტი", "ნასტია" და სხვა.
მიშელ ლეგრანი

ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიშელ ლეგრანს დაწერილი აქვს მუსიკა 200-ზე მეტი კინოფილმისთვის. თუმცა განსაკუთრებული აღიარება "შერბურის ქოლგებისა" და "თომას ქრაუნის აფერისთვის" შექმნილმა კინომუსიკამ მოუტანა.
მიშელ ლეგრანმა 3-ჯერ მოიპოვა "ოსკარი" საუკეთესო კინომუსიკისთვის (13-ჯერ იყო ნომინირებული), 5-ჯერ "გრემი" და ერთი "ოქროს გლობუსი".
გურანდა გაბუნია

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს ის იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.
1975 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
ზაზა ურუშაძე

53 წლის ასაკში, სავარაუდოდ გულის შეტევით, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე.
ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა.
მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია "ბოლო გასეირნება" (2012) და "მანდარინები" (2013). 2018 წელს ფილმი "მანდარინები", რომელსაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში შეიტანა.
ფრანკო ძეფირელი

96 წლის ასაკში, რომში, საკუთარი სახლში, გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი.
ფრანკო ძეფირელის შემოქმედების მწვერვალი შექსპისირის უკვდავი პიესის "რომეო და ჯულიეტას" ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც მან 1968 წელს გადაიღო.
ტონი მორისონი

ამერიკელი მწერალი, ნოველისტი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიისა და პულიცერიის პრემიის ლაურეატი ტონი მორისონი გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.
ტონი მორისონი პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.
ჟაკ შირაკი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 1995 წლიდან 2007 წლამდე იმყოფებოდა.
კარლ ლაგერფილდი

ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის კრეატიული დირექტორი (1983 წლიდან), დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ედიტ გონსალესი

ცნობილი მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველმა მაყურებელმა ედიტ გონსალესი ტელესერიალ "ველურ გულსა" და "დონა ბარბარაში" შექმნილი როლებით გაიცნო და შეიყვარა.
ერეკლე ბადურაშვილი

ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.
ერეკლე ბადურაშვილი დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2003).
ზაირა (ზაზა) ლებანიძე

84 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ზაირა (ზაზა) ლებანიძე.
ზაზა ლებანიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმისა და მარჯანიშვილის თეატრებში. ბოლო 44 წლის განმავლობაში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში.
ნოდარ მგალობლიშვილი

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1963 წლიდან 1967 წლამდე ნოდარ მგალობლიშვილი იყო კოტე მარჯანიშვილის და რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობი. 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ლევან ალექსიძე

92 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი ლევან ალექსიძე.
ლევან ალექსიძე იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, თსუ-ს რექტორის მოადგილე და ღირსების ორდენის კავალერი.
2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად.
ვანო ზოდელავა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.
ნუგზარ ჯუღელი

საქართველოს პირველი არხის ყოფილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი 2019 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. მსახიობი და დიქტორი საქართველოს პირველ არხზე 50 წელზე მეტხანს სპორტულ კომენტატორად მუშაობდა.
გიორგი გოგიჩაიშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა.
ლევან ჩხაიძე

ტელეკომპანია "პირველი" ჟურნალისტი და წამყვანი ლევან ჩხაიძე 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. ლევან ჩხაიძე მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
აკაკი ბაბუნაშვილი, შავი პრინცი

ქართული ჰიპ ჰოპის შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი, რომელსაც შავი პრინცის სახელით იცნობდნენ, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოდარ ხადური

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო 2016 წლის 1 დეკემბრიდან.
2006 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი.
2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი.