კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.
ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო 2016 წლის 1 დეკემბრიდან.
1987-88 და 1990-92 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში. 1996-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 1997-98 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ სიით.
2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამ რანგში იგი იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი. 2012–2013 და 2014–2015 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012–2013 წლებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2018 წლებში არჩეული იყო მპგ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.
1999 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა. შ. იგი კითხულობდა: მაკროეკონომიკას, ეკონომიკის პრინციპებს, მაკროეკონომიკურ თეორიას, მაკროეკონომიკურ რეგულირებას და დაგეგმვას, საქართველოს ეკონომიკას, გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკას, მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ა. შ. კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ანალიზი და პოლიტიკა), შვეციის განვითარების სააგენტოში (საგადასახადო პოლიტიკა), ეგვიპტის განვითარების სააგენტოში (ექსპორტის სტიმულირება).
არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვეციაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.