NASA-ს დედამიწასა და კოსმოსში ყველაზე დატვირთული ათწლეული აქვს. სააგენტომ გააუქმა კოსმოსური „შატლის“ მისია, თუმცა კვლავ ემზადება ადამიანების მთვარეზე დასაბრუნებლად, ამჯერად კომერციული ხომალდებით. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ რამდენიმეჯერ შეცვალა კოსმოსური მისიების მიმართულებები მათ შორის, რომლებშიც ადამიანები მონაწილეობდნენ. ამჯერად, NASA-ს მიზანი ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი და შემდგომ მარსია.
სააგენტოს რობოტები ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობენ, იღებენ ათასობით ფოტოს, სწავლობენ პლანეტების ზედაპირს და მკვლევარებს სამეცნიერო მონაცემებს უგზავნიან. ინტერსტელარული, თითქმის დაუჯერებელი ამბების მიღმა, NASA-სთვის უკანასკნელი ათი წელი ამაღელვებელი აღმოჩნდა. სააგენტოს მიღწევები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
2010
ათწლეული დიდი არეულობით დაიწყო. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ წინამორბედი პრეზიდენტის სამთვარეო მისია გააუქმა. თეთრ სახლში აცხადებდნენ, რომ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მთვარეზე ადამიანების დაბრუნებას, დროში გაწელილი და მეტად ხარჯიანი იყო.
2010 წელს "შატლის" მისიამ უკანასკნელი დღეები დაითვალა, თუმცა სააგენტოს მოთხოვნით, საბოლოო მისია 2011 წელს შესრულდა.
ამასობაში, „ღრმა გავლენის“ საჰაერო ხომალდმა „ჰარტლის“ ჩაუქროლა და გახდა პირველი კოსმოსური მისია, რომელმაც ერთ ჯერზე ორი კომეტა მოინახულა.
მარსმავალმა „სპირიტიმ“ ამოწურა 6-წლიანი მისია და წითელი პლანეტის მტვრის შტორმებში უხმაუროდ გაიფანტა.
მეცნიერებმა, მარსის ორბიტაზე დღემდე მომუშავე Mars Odyssey-ის მისიიდან შეგროვებული მონაცემებით, პლანეტის ზედაპირის რუკა შეადგინეს. ამჟამად, ხომალდი მარსის გარშემო მოძრაობს.
2011
„შატლის“ პროგრამამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკანასკნელი ხომალდი გაიყვანა. ნასას მეცნიერებმა ერთ-ერთ უკანასკნელი ფრენის დროს, 2-მილიარდიანი ექსპერიმენტი ჩაატარეს - ISS-ს „ალფა მაგნიტური სპექტრომეტრი“ მიამაგრეს.
“ალფა მაგნიტური სპექტრომეტრი“ შავ მატერიას სწავლობს. სწორედ აქ სრულდება „შატლის“ მისიაც, რომელმაც 30-წლიანი ციკლი და 131 კოსმოსური გაფრენა განახორციელა (მათ შორის, 2 წარუმატებელი, 1986-სა და 2003-ში).
ობამას ადმინისტრაციამ აირჩია რომ შეენარჩუნებინა „ორიონის“ კოსმოსური ხომალდი, რომელიც ამჯერად სამთვარეო, ხოლო მოგიანებით მარსის მისიებისთვის ხელახლა გადამუშავდა.
მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გადაიდო „ჯეიმს ვების“ ტელესკოპის მშენებლობა, nasa/esa –ს “ჰაბლის“ ტელესკოპმა ჯუჯა პლანეტა პლუტონის გარშემო უცნობი მთვარე, „ქერბეროსი“ აღმოაჩინა.
ნასამ წარმატებით შეიყვანა „მესენჯერის“ მისია მერკურის ორბიტაზე და მზის სისტემის წინა ნაწილის კვლევა დაიწყო. ხოლო ამ პროგრამის საპირისპირო მიმართულებით, 5 აგვისტოს, პლანეტა იუპიტერის დაუპატიჟებელი სტუმარი, „ჯუნოს“ მისია გაიგზავნა.
2012
2012 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX Dragon-ის საჰაერო ხომალდმა პირველი კომერციული ფრენა განახორციელა.
ნასამ დაიწყო „კოსმოსური გამშვები სისტემის“ რაკეტის მშენებლობა, რომელსაც ასტრონავტები მზის სისტემის წიაღში უნდა გაეყვანა.
სააგენტოში გადაიტანეს 7-წუთიანი „ტერორი“, რომლის შედეგადაც „კურიოსიტის“ მისია წარმატებით დაეშვა წითელ პლანეტაზე და იქ ადამიანთა შესაძლო პოპულაციის კვლევა-ძიება დაიწყო. ხომალდმა, მარსის ქანების შესწავლით, დაშვებიდან ერთ კვირაში დაადასტურა რომ პლანეტაზე ერთ დროს წყალი მიედინებოდა. ათწლეულის დასაწყისში, ეს აღმოჩენა ნამდვილი გარღვევა იყო.
ნასამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად ფორმალური პროცედურები დაიწყო.
2013
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წელი კინაღამ კატასტროფით დაიწყო. ღია კოსმოსში რეგულარული გასვლის დროს, იტალიელი ასტრონავტის, ლუკა პარმიტანოს კოსტიუმიდან წყალმა გაჟონა და მისი ჩაფხუტი სითხით გაავსო. ასტრონავტი დახრჩობას გადაურჩა. პერმიტანო უვნებელი დაბრუნდა სადგურში, თუმცა სააგენტომ ასტრონავტის უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ღია კოსმოსში გასვლის პროტოკოლი შეცვალა.
ნასამ 2020 წლის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაციიდან გასვლის გადავადების პროცედურები დაიწყო.
მარსმავალი „კურიოზიტის“ დაზიანებულმა საბურავებმა სააგენტო აიძულა მოეძებნა შედარებით გლუვი ზედაპირი. NASA/ESA-ს ერთობლივმა მისიამ, რომელიც აკვირდება მზესა და ჰელიოსფეროს იხილა კომეტა ISON-ის მზის ზედაპირზე შეჯახება, რომელიც მადლიერების დღეს მოხდა.
კომეტისა და ვარსკვლავის შერწყმის პროცესი კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენი პირდაპირი დაკვირვებებით, ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა პროცესი იყო.
„კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპზე“ ჩაიშალა უამრავი გიროსკოპი, რამაც NASA ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სააგენტომ დისტანციურად გადააწყო ეგზოპლანეტების მაძიებელი ტელესკოპი და მისი ექსპლუატაცია ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ნასამ პლანეტარული თავდაცვის სისტემების ძიებაში, ასტეროიდის ტრაექტორიის ხელოვნურად შეცვლის პროგრამა დაიწყო. ასევე, ორბიტაზე გაუშვა ახალი “ლენდსატის სატელიტი“, რომელმაც 1970 წლიდან დღემდე დაკვირვებებისა და დედამიწის შესწავლის უწყვეტი პროგრამა გააგრძელა.
2014
სექტემბერში, NASA კომპანია „ბოინგთან“ და Space X-თან აფორმებს მრავალმილიარდიან კონტრატს, რათა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე დააბრუნოს. ეს ფრენები უნდა განხორციელებულიყო 2017 წელს, თუმცა პროგრამული და ტექნიკური დაყოვნებების გამო, გაშვების თარიღმა 2020 წლამდე გადაიწია.
სააგენტომ მოახერხა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპლუატაცია 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
მარსზე „კურიოსიტის“ მისიამ „შარპის“ მთას, დანიშნულების წერტილს მიაღწია. ამასობაში, „კურიოსიტიმ“ წითელ პლანეტაზე მეთანის ნარჩენებს მიაკვლია. მომდევნო წლებში კი რობოტმა არა მხოლოდ მეთანს, არამედ სიცოცხლისთვის საჭირო სხვა ელემენტები, მათშორის ჟანგბადი და ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა.
სატურნის მთვარე ენცელადზე, „კასინის“ მისიამ წყლის 101 გეიზერს მიაკვლია. მეცნიერები დღემდე იკვლევენ წყლის სტრუქტურას და ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა ეს ის ხელსაყრელი გარემო, სადაც მიკრობიოლოგიური სიცოცხლე ვითარდება.
ამასობაში MAVEN მარსის ორბიტერი პლანეტაზე ჩადის და იწყებს მისი მკრთალი ატმოსფეროს შესწავლას და აგრეთვე იმის დადგენას თუ რატომაა ის ასეთი თხელი.
2015
NASA-ს ასტრონავტი სკოტ კელი და რუსი კოსმონავტი მიხაილ კორნიენკომ თითქმის ერთწლიანი კოსმოსური მისია დაიწყეს. 1990 წლის შემდეგ, ეს იყო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია, რომელშიც ადამიანი მონაწილეობდა. ამ პროცესების პარალელურად, ორი ხომალდი ვერ გავიდა ორბიტაზე და გარკვეული პერიოდით კოსმოსური სადგური მარაგების გარეშე დატოვა, თუმცა მესამე ცდაზე პროცესი წარმატებით დასრულდა.
2015 წელი ორი ღრმაკოსმოსური მისიის წელია: „ახალი ჰორიზონტის ხომალდი“ პლუტონს ესტუმრა და კაცობრიობას ჯუჯა პლანეტის გასაოცარი მეთანის ტბები და მაღალი მთები უჩვენა. ამ ფაქტმა საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებაში პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნების ხმები გააძლიერა. Dawn-ის მისია კი ჯუჯა პლანეტა ცერესს ესტუმრა.
ამასობაში, NASA/ESA-ს ერთობლივმა პროექტმა, კიდევ ერთი რიგით მე-3000-ე კომეტა აღმოაჩინა.
“მესენჯერის” მისია პლანეტა მერკურიზე დასასრულს მიუახლოვდა. მეცნიერებმა 4-წლიანი მუშაობის შედეგად მერკურის ზედაპირი მთლიანად აღწერეს. პროექტის მიწურულს, „მესენჯერი“ მზის სისტემის პირველი პლანეტის ზედაპირს ათასობით კმ/სთ სიჩქარით შეასკდა და სამუდამოდ მისი ნაწილი გახდა.
NASA-ამ იუპიტერის მთვარე „ევროპაზე“, „ევროპა კლიპერის“ მისიის გაგზავნი თანხმობა მიიღო, რომლის გაშვებაც 2020-2030 წლებში იგეგმება.
2016
ასტრონავტებმა დაიწყეს მიერთების ახალი სისტემის დამონტაჟება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.
პრეზიდენტის ოფისს იკავებს დონალდ ტრამპი და მისი პირველი გადაწყვეტილება ობამას ადმინისტრაციის მემკვიდრეობის გაუქმებაა - უარყოფილია პირველი მისია, რომელსაც ადამიანები ასტეროიდზე უნდა ჩაეყვანა.
როვერ „კურიოსიტის“ პრობლემები ექმნება. მეცნიერები თითქმის ორი წელი მოუნდნენ ოპერაციული სისტემის შეკეთებას, რათა მარსმავალს თვისი ფუნქციები წარმატებით განეხორციელებინა.
ნასა აყოვნებს InSight-ის პროექტს, რომელიც „კურიოსიტის მისიას უნდა შეერთებოდა. გაშვებამდე რამდენიმე ხნით ადრე აღმოჩნდა, რომ სეისმომეტრის ვაკუუმი ირღვეოდა, რამაც პროექტი დროში გაახანგრძლივა. 2016 წელს NASA-მ მისიის გაუქმებაც კი განიხილა, თუმცა მოგვიანებით რობოტი მაინც გააგზავნეს.
4 ივლის „ჯუნო“ იუპიტერს სტუმრობს. ხოლო NASA წარმატებით ართმევს თავს პლანეტარული თავდაცვის სისტემის პირველ დავალებას და ორბიტას უცვლის ასტეროიდს.
2017
NASA-ს ასტრონავტი პეგი უიტსონი შეერთებული შტატების რეკორდს ამყარებს. ის პირველი ქალი ასტრონავტია, რომელმაც კოსმოსში 665 დღე გაატარა.
ნასა "კასინის" მისიას წარმატებით ასრულებს. სააგენტო ავრცელებს ვიდეო რგოლს სახელწოდებით - „კასინის დიდებული დასასრული“, სადაც შეჯამებულია ხომალდის 13-წლიანი ისტორია. ზონდი, სატურნის რგოლების გავლით, პლანეტის ატმოსფეროში დაიწვა. ამის მიზეზი მთვარეებზე შესაძლო სიცოცხლის მიკრობიოლოგიური ფორმებისთვის საფრთხე არ შექმნა იყო.
„ჯეიმს ვების“ ტელესკოპის გაშვებას ნასა კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. მოგვიანებით, ვების გაშვების თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია.
2018
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა პირველი კოსმოსური პაქტი, რომელიც ნასას 2028 წლამდე ასტრონავტების მთვარეზე ჩაყვანის ბრძანებას აძლევს. გეგმები ემყარება სააგენტოს „კოსმოსური გამშვები სისტემის“ რაკეტას, რომელიც პრეზიდენტების ადმინისტრაციების ცვლილების პარალელურად, მრავალი სპეკულაციისა და გაუგებრობის საგანი გახდა.
11 ოქტომბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარუმატებელ მიერთებას ორი ასტრონავტი სიკვდილს გადაურჩა.
"ვოიაჯერ 2"-ის მისიამ, რომელიც 1977 წელს გაუშვეს მზის სისტემა ოფიციალურად დატოვა. ზონდი ვარსკვლავთშორის სივრცეში ათასობით კილომეტრი საათი სიჩქარით უმისამართოდ მიექანება. აღსანიშნავია, რომ ხომალდი დღემდე გვაწვდის მონაცემებს.
Dawn-ის მისიას საწვავი ამოეწურა და ჯუჯა პლანეტა ცერესის კვლევის პირველი ეტაპი დასრულდა.
დასრულდა ბრწყინვალე შესაძლებლობების მქონე ტელესკოპის, „კეპლერის“ მისიაც, რომლის წყალობით გავარკვიეთ, რომ ამ სამყაროში ათასობით ეგზოპლანეტაა, სადაც შესაძლოა, არსებობდეს სიცოცხლე.
„ინსაითი“ 2-წლიანი დაგვიანებით მარსისკენ მიემართება, ხოლო წლის მიწურულს უსაფრთხოდ და წარმატებულად ეშვება პლანეტის ზედაპირზე, ატმოსფეროში კი მომცრო ზომის ორ კომპანიონს, Cubeseats-ებს ტოვებს.
ტრანზიტული ეგზოპლანეტების კვლევის სატელიტი, იგივე „ტესი“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჩართულობით კოსმოსში გაიგზავნა. გაშვებიდან რამდენიმე დღეში ყველა დარწმუნდა რომ „კეპლერის“ მისიის მემკვიდრე იქამდე თვალუწვდენელი სამყაროს ფარდას მეცნიერებს გაუხსნიდა.
აგვისტოში გაიგზავნა „პარკერის მზის ზონდი“. ის პირველი ხომალდია, რომელიც ვარსკვლავს მიუახლოვდება და მის მაგნიტურ ველს შეისწავლის.
2019
ნასა კომერციული ფრენების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის. „ვირჯინ გალაქტიკი“ აცხადებს რომ 2020 წლიდან კოსმოსურ ტურიზმს იწყებს და 600-მდე ადამიანს დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს. კომპანიაში იმასაც კი ამბობენ, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თითოეული ბილეთის ღირებულება 250 000 აშშ დოლარია.
ტრამპის ადმინისტრაცია ადამიანების მთვარეზე დაბრუნების დედლაინს 4 წლით ამცირებს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, პირველი ქალი და შემდგომი მამაკაცი მთვარეზე უნდა ჩავიდნენ. ამის შესახებ სპეციალური განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა.
ნასა აპოლოს მისიის 50-წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა.
შავი მატერიის შემსწავლელი აპარატის, „ალფა მაგნიტური სპექტომეტრის“ ღია კოსმოსში შეკეთების ურთულეს სამუშაოებს ნასა წარმატებით ასრულებს.
ისტორიაში პირველად, საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე ყველა ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში სამუშაოდ გავიდა ქალია.
ნასას „ახალი ჰორიზონტის“ მისიამ კოიპერის სარტყელი გაიარა და ასტეროიდი 2014 MU69 შეისწავლა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორეული ობიექტია, რომელიც რომელიმე ზონდს აქამდე შეუსწავლია.
მარსზე ოფიციალურად დასრულდა როვერი „ოფორთუნითის“ მისია. ხომალდი 2018 წლის შემდეგ არცერთ ბრძანებას პასუხობდა. საბოლოოდ კი მტვრის ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა.
„ინსაითის“ მისია წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე და ასევე წარმატებით გაშალა რობოტული ხელი, რომლითაც პლანეტის ზედაპირზე პირველი სელფი გადაიღო. ხომალდმა ასევე წარმატებით მოათავსა სეისმომეტრი, თუმცა სიცხის პრობს გაუჭირდა ზედაპირის გაბურღვა.
წარმატებით დასრულდა 2020 წლის მარსის ახალი როვერის აწყობისა და პირველადი ტესტირების პროცესი. მეცნიერები ამ როვერზე დიდ იმედებს ამყარებენ. მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ.
ნასა გამოემშვიდობა „სპიცერის“ ტელესკოპს, რომელიც ინფრაწითელ ფერში იკვლევდა სამყაროს.
ნასამ საბოლოოდ განსაზღვრა „ევროპა კლიპერის“ ბედი და ხომალდს იუპიტერის მთვარეზე 2020 წლის შუა რიცხვებში გაგზავნის.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში ნამდვილად დატვირთული ათწლეული ჰქონდათ, თუმცა სამყაროს შესწავლაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კოსმოსურმა სააგენტოებმაც ფასდაუდებელ კონტრიბუცია შეიტანეს.
ჩინეთის კოსმოსური მისიების ბიუჯეტი NASA-ს ნიშნულს გაუთანაბრდა. ჩინელი ხალხის თავდაუზოგავმა მონდომებამ ხომალდი არამხოლოდ მთვარეზე, არამედ მის ბნელ მხარეზე ჩაიყვანა და იქ აღმოჩენილი „გელის" მსგავსი მატერიის კვლევა დაიწყო.
ინდოეთი სულ ახლოს იყო მთვარის ზედაპირთან, როდესაც ხომალდ „ვიკრამთან" კონტაქტი გაწყდა. მოგვიანებით NASA-მ ზედაპირზე აღმოჩენილი ნამსხვრევების ფოტო გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი წარუმატებლად დასრულდა, ეს პრეცნდენტი ინდოეთის კოსმოსური მისიებისთვის, ნამდვილად ისტორიული შემთხვევაა.
ინდოეთის მსგავსად წარუმატებლად დაეშვა ისრაელის სამთვარეო ხომალდიც. პროექტი პრაქტიკულად დასრულებული იყო, როდესაც ზედაპირიდან 70 მეტრზე ხარვეზი დაფიქსირდა. საბოლოოდ, ზონდი მთვარის ზედაპირზე ჩამოვარდა. ეს იყო პირველი კომერციული ფრენა მთვარის მიმარულებით.
უამრავი მარცხისა და გამარჯვების მიუხედავად კაცობრიობა ემზადება განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. კომერციული ინტერესები კი ამ პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს. წინ კი ამაღელვებელი ათწლეული გველოდება. მომდევნო 10 წელში მთვარეზე გაგზავნილ პირველ ქალსა და შემდგომ მამაკაცს ვიხილავთ, ხოლო 21-ე საუკუნის 20-ნი წლების მიწურულს დედამიწის მოსახლეობა უპრეცენდენტო მოვლენის მომსწრე გახდება, - ადამიანი, ჩვენთვის უცნობ სხვა ნამდვილ პლანეტაზე, პირველად დადგამს ფეხს...
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", თემურ ლეგაშვილი.