დასავლური მედია იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს კიევში პენტაგონის მაღალი დონის დელეგაცია გაგზავნა მოლაპარაკებებისთვის, რაც მისი ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობის ნაწილია.
Wall Street Journal ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ არმიის მდივანი დენ დრისკოლი, აშშ-ის არმიის ორ გენერალთან ერთად, მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, ასევე სამხედრო და სამრეწველო სფეროს მაღალჩინოსნებთან. დრისკოლი ასევე გეგმავს მოგვიანებით რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას.
„თეთრი სახლის გადაწყვეტილება, მიემართა დრისკოლისა და სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის, ნაწილობრივ განპირობებული იყო იმ რწმენით, რომ მოსკოვი შესაძლოა უფრო ღია ყოფილიყო სამხედრო შუამავლობით მოლაპარაკებებისთვის, ასევე იმ იმედგაცრუებით, რომ წინა მრავალმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო,“ - წერს WSJ.
Politico იუწყება, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც რუსეთმა გააძლიერა რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ ახალი გზების პოვნას, რათა გააგრძელონ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.