ოსი სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს "სახელმწიფო საზღვარი" საქართველოს ხუთმა მოქალაქემ დაარღვია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დღეს 4 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის არცევის დასახლებული პუნქტის სიახლოვეს, ადმინისტრაციული საზღვრიდან 350 მეტრის დაშორებით დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ გააჩნია. მამაკაცი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
რუსი ოკუპანტები ირწმუნებიან, რომ თავად დაკავებული მამაკაცი აცხადებს¸რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. "მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ იგი არცევის დასახლებულ პუნქტში მიდიოდა. ამჟამად სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", _ იუწყებიან რუსი ოკუპანტები. მათივე ინფორმაციით, მალე დაკავებულ მამაკაცს შემდგომი გამოძიებისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს გადასცემენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ადამიანები რომლებიც ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არღვევენ, შემდგომი გამოძიების მიზნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროებაში არიან გადაყვანილნი.
მასალის გამოყენების პირობები