დღეს, 4 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფონდის დაარსების საზეიმო ცერემონიალს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი დაესწრებიან.
ფონდის მიზანია იმ სტუდენტთა ხელშეწყობა, რომლებიც ფრანგული კულტურით არიან დაინტერესებული. ფონდი ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს ერთწლიან სტიპენდიებს მიანიჭებს.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ფონდი საფრანგეთში შეიქმნა და იგი ქართველთა სათვისტომოსთან არსებობს.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები მიენიჭებათ.