ავღანეთისკენ მიმავალი სატრანზიტო გზის საქართველოზე გასვლის შემთხვევაში ნატოსთვის რუსეთის საჭიროება შემცირდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განაცხადა.
"საქართველოს ტრანზიტად გამოყენების იდეა რუსეთს არ მოეწონება, რადგან ტრანზიტის საკითხი რუსეთისთვის ერთ-ერთი ბერკეტია ნატოსთან ურთიერთობაში. თუ საქართველოზე იქნება ტრანზიტი, ალიანსს რუსეთი ნაკლებად დასჭირდება და თანამშრომლობაც შემცირდება", - განაცხადა ცინცაძემ.
თუმცა, ცინცაძის შეფასებით, ალიანსი რუსეთის ზედმეტად გაღიზიანებას მოერიდება, რადგან გაღიზიანებული რუსეთს რის გაკეთება შეუძლია, ყველამ კარგად იცის.
ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში ავღანეთში ტვირთების ტრანზიტი რუსეთის გარდა, საქართველოზე გავლითაც განხორციელდეს.
მიხეილ სააკაშვილმა ნატოს ავღანეთში ტვირთების გადასაზიდად საქართველოს სატრანზიტო გზა შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ავღანეთში ტვირთების გადასატანად შემიძლია შემოგთავაზოთ საქართველოს სატრანზიტო გზა და პირობას გაძლევთ, რომ ეს გზა იქნება ყველაზე უსაფრთხო და მისი ბლოკირება არასდროს მოხდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.