მავრიკის ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის კუნძულების კოლონიალურ ოკუპაციაში დაადაშაულა, მას შემდეგ, რაც ლონდონმა უგულვებელყო გაეროს რეზოლუცია კუნძულებზე ბრიტანეთის კონტროლის დათმობაზე.
გაერომ ექვსთვიანი ვადა მისცა დიდ ბრიტანეთს, რათა უარი ეთქვა ჩაგოსის კუნძულებზე. ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა, თუმცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია.
თებერვალში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა საკონსულტაციო მოსაზრება, რომლის თანახმად, მავრიკის დეკოლონიზაცია, რამაც მისგან ჩაგოსის არქიპელაგის დაშორება გამოიწვია, უკანონო იყო.
მაისში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ ხმა მისცა რეზოლუციას, კუნძულებზე ბრიტანეთის კონტროლის დათმობის შესახებ.
მავრიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მიღების სანაცვლოდ, 1956 წელს იძულებული გახდა, ჩაგოსის არქიპელაგზე უარი ეთქვა.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი არ ცნობს მავრიკის პრეტენზიებს ჩაგოსის არქიპელაგზე.
ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მას სრული უფლება გააჩნია კუნძულებზე, რომელთაგან ერთ-ერთზე (დიეგო გარსია) აშშ-ის სამხედრო ბაზაა განთავსებული.
"გაერთიანებულ სამეფოს ეჭვი არ შეაქვს ბრიტანეთის სუვერენიტეტში ინდოეთის ოკეანის ტერიტორიაზე, რომელიც 1814 წლიდან ბრიტანეთის უწყვეტი მფლობელობის ქვეშ იმყოფება.
მავრიკის სუვერენიტეტი არასდროს გავრცელებულა ამ ტერიტორიებზე და დიდი ბრიტანეთი არ ცნობს მის პრეტენზიას", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ჯერემი კორბინს, რომელიც აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ბრიტანეთმა მავრიკს ჩაგოსის არქიპელაგი დაუბრუნოს.
"იმედი მაქვს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალ, ისტორიულ შეცდომას გამოვასწორებ", - დასძენს კორბინი.
ჩაგოსის არქიპელაგი მავრიკს 1965 წელს გამოეყო, როდესაც ის ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. ბრიტანეთმა არქიპელაგი 3 მილიონ ფუნტად იყიდა და თავის ტერიტორიად გამოაცხადა.
მალევე, დიდმა ბრიტანთმა გადაწყვიტა ამერიკელებისთვის იჯარით მიეცა ჩაგოსის არქიპელაგის კუნძულები, კერძოდ, მისი უმთავრესი და უდიდესი კუნძული დიეგო გარსია, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა გამართა.
ჩაგოსს ოფიციალურად ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის ტერიტორია ეწოდა და ბრიტანეთის საკუთრებად დარჩა.