დღეს უკვე 17 წელიწადია რაც ჩვენი ქვეყანა თავისუფალია - ასე დაიწყო თავისი სიტყვა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ დღეს სოხუმში ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე.
სიტყვით გამოსვლისას სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად 30 სექტემბერს აფხაზეთში არსებულ "დიდების მემორიალთან" სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდის. "ეს მოწმობს მხოლოდ იმას, რომ ჩვენი მეხსიერება ინახავს მათ სახელებს ვისი ვინაობაც ამოტვიფრულია ამ მემორიალზე".
"ჩვენ გრძელი და მძიმე გზა გავიარეთ, ხოლო ომის შემდეგ ვიწვნიეთ კიდევ არაერთი აგრესია - 1998, 2001 და 2008 წლებში. ბოლო წერტილი ამ ომში მაშინ დაისვა, როდესაც 2008 წელს განთავისუფლდა ისტორიულად აფხაზური მიწა - კოდორის ხეობის ზედა ნაწილი", _ განაცხადა შამბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის წინაშე ახლა გახსნილია ახალი პერსპექტივები და დიდი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებამ ახალი პერსპექტივები გაუხსნა "აფხაზურ სახელმწიფოს".
შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზი სეპარატისტები 1992-1993 წწ მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებული რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებას ზეიმობენ. ამ დღეს ისინი გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ.