საქართველოს შს სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და ცილისწამებაა - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
მისი თქმით, "საქართველოს შს სამინისტრომ ჩვეულებისამებრ გაავრცელა მორიგი არაკომპეტენტური განცხადება, რომელიც ე.წ. რუსული საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგაა მიმართული".
"არავითარი საოკუპაციო ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის. კი ასეთი ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო და ეს ქართული ჯარი იყო. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილი 2008 წლამდე ოკუპირებული იყო და ეს ქართული ოკუპაცია იყო. საბედნიეროდ, რუსეთის დახმარებით ჩვენ მათ თავი დავაღწიეთ და დღეს რუსული ჯარი - მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ხოლო რაც შეეხება საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს, ბორის ჩოჩიევის თქმით, "უკვე დროა საქართველომ იცოდეს, რომ დემარკაციას ჯარი კი არ ახორციელებს არამედ ამ საქმით შესაბამისი კომისიაა დაკავებული, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური სტრუქტურების გადაწყვეტილებით შეიქმნა".
"ასეთი კომისია შექმნილია სამხრეთ ოსეთში. ჩვენ უკვე ჩავატარეთ დიდი მოსამზადებელი სამუშაო. რუსულ კომისიასთან ჩვენ უკვე ჩავატარეთ ორი სხდომა სადელიმიტაციო სამუშაოების დასრულების შესახებ. ახლა კი ერთობლივ კომისიას შევქმნით და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სადემარკაციო ღონისძიებების განხორციელებას შევუდგებით", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, საზღვრის სადემარკაციო საქმიანობის დაწყების შესახებ მათ არაერთგზის მიმართეს ქართულ მხარეს, თუმცა მათ მიმართვებზე პასუხი არავინ გასცა.
"ამის გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ რიგი ღონისძიებებისა, რომელიც საქართველოსა და დამოუკიდებელ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენას ეხება თვითონ ჩავატაროთ. ჩვენ ქართული ტერიტორიის არც ერთი მეტრი არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენი ტერიტორიის ერთი სანტიმეტრის დათმობასაც არ ვაპირებთ", _ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარე წლის 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარება დაიწყეს.
"ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას", _ ნათქვამია საქართველოს შს სამინისტროს განცხადებაში.