რუსეთის საოკუპაციო ჯარები შიდა ქართლში "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს" 1984 წლის რუკის მიხედვით ახორცილებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
"ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე 1984 წლის რუკა მომიტანეს, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ეს ტერიტორიები მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ოლქში შედიოდა. ჩვენი მხრივ განვაცხადეთ, რომ მათი ქმედება უკანონოა", - განაცხადა ჯუღელმა.
მისი თქმით, იმ ტერიტორიებზე, სადაც ოკუპანტებმა "საზღვრის სადემარკაციო სამუშაო" დაიწყეს, ქართულ მხარეს თავისი წარმომადგენლბი არ დაუყენებია, რათა ეს არ ჩაითვალოს, როგორც საქართველოს მხრიდან ე. წ. საზღვრის ცნობა.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, დილის საათებში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და საოკუპაციო ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოს" ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.
ამ დროისთვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.
სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი.
სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი.
ამჟამად უკანონო "დემარკაცია" მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.