სეპარატისტული აფხაზეთის სოხუმისა და გულრიფშის რაიონის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ვადამდელი აღწერა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სეპარატისტთა სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ზოია ავიძბა აცხადებს, რომ სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლები სოხუმის რაიონის სოფელ ფსხუსა და გულრიფშის რაიონის სოფლებში მანამ ჩავიდნენ, ვიდრე ბუნებრივი პირობები გაუარესდება და თოვლი მოვა.
"მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები უკვე მუშავდება, მათი რაოდენობა კი მხოლოდ მთლიანი აღწერის დასრულების შემდეგ იქნება გამოქვეყნებული. აღწერა ხორციელდება ადამიანთა მონათხრობზე დაყრდნობით და მათთვის სულაც არ არის აუცილებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა", _ აცხადებს ავიძბა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის აღწერას აფხაზეთის ე. წ. მთავრობა 2011 წლის 21-იდან 28 თებერვლამდე აპირებს.
აღნიშნული ე. წ. აღწერის ლეგიტიმაციის მიზნით, აფხაზეთის კრიმინალურმა ხელისუფლებამ უკვე მიმართა გაეროს, დსთ-ის ქვეყნებისა და რუსეთის სტატისტიკის სამმართველოებს და მათ სექტემბრის პირველ რიცხვებში აფხაზეთში დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა.