"17 წელი გვაშორებს 1993 წლის სექტემბრის დღიდან, როდესაც მდინარე ენგურზე მდებარე სახელმწიფო საზღვარზე ჩვენმა ბრწყინვალე მხედრობამ გამარჯვების ალამი აღმართა", - ამ სიტყვებით დაიწყო მილოცვა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებული ძალებისადმი.
"ქართულმა ფაშიზმმა 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის მიწაზე ცეცხლი და მახვილი მოიტანა. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ჩაება სამამულო ომში. გამარჯვებისკენ მიმავალი გზა სისხლიანი აღმოჩნდა. მარცხის სიმწარით, უკან დახევითა და დიდი მსხვერპლის ფასად მიდიოდა მისკენ ხალხი. შეუძლებელი იყო. არ გაგვემარჯვა, ვინაიდან ჩვენ უკან საუკუნოვანი ტრადიციები, ჩვენი მომავალი და თავად აფხაზეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა", _ აცხადებს ქიშმარია და დასძენს:
"მტერზე გამარჯვება ჩრდილო კავკასიიდან, დნესტრისპირეთიდან და ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოხალისეებთან, რუსეთის კაზაკებთან და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად შევძელით. გამარჯვების დღე სამუდამოდ დარჩება მასობრივი გმირობის, თავგანწირვისა და სამშობლოს ერთგულების სიმბოლოდ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ღირსეულად მოიპოვეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა".
ქიშმარია აცხადებს, რომ აფხაზურმა მხარემ 1992-1993 წლის კონფლიქტის დროს 2 500-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
"ჩვენი ხალხი შეიძლება დარწმუნებული იყოს იმაში, რომ დღეს რესპუბლიკას აქვს ყველა საშუალება, დაიცვას დამოუკიდებლობა, ხოლო მებრძოლები მზად არიან თავიანთი პროფესიული და პატრიოტული ვალის მოსახდელად", _ აცხადებს ქიშმარია.