დასავლეთ საჰარის ოფიციალური პირები - მუჰამედ იასლემ ბეისატი - მინისტრი აფრიკის საკითხებში და აბდელკადერ ტალებ ომარი - პრემიერი ოს სეპარატისტთა ლიდერის "მრჩეველს" კონსტანტინე კოჩიევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ალჟირში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ერის თვითგამორკვევის უფლება: დასავლეთ საჰარის ხალხის ბედი". აღნიშნულ კონფერენციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენელი კონსტანტინე კოჩიევი ესწრებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინე კოჩიევმა შეხვედრები გამართა საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან და ალჟირის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან.
საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრმა აფრიკის საკითხებში მუჰამედ იასლემ ბეისატმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან კოჩიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "დასავლეთ საჰარა დე-ფაქტო აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და ახლა რჩება მხოლოდ ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ ეს აღიარება დე-იურე გაფორმდეს და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს".
ამას გარდა, კონსტანტინე კოჩიევი ასევე შეხვდა საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, პოლისარიოს (მმართველი პარტია) პოლიტბიუროს წევრს აბდელკადერ ტალებ ომარს. აღნიშნულ შეხვედრაზე, რუსული მედიის ინფორმაციით, _ "ქვეყანათა შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარების საკითხი განიხილებოდა".
ამას გარდა, ალჟირის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისა და კონსტანტინე კოჩიევის შეხვედრის დროს გამოითქვა სურვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა ალჟირს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა.
აღნიშნულ შეხვედრებზე, კოჩიევმა, მუჰამედ იასლემ ბეისატმა და აბდელკადერ ტალებ ომარმა ერთხმად დაგმეს "საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელებული აგრესია და ასევე მაროკოს მხრიდან დასავლეთ საჰარისადმი განხორციელებული ანალოგიური ქმედება".
ამას გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციები მომდევნი წლის მარტში ალჟირში დაგეგმილ ფორუმზე დაპატიჟეს.
ცნობისათვის: საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა - ნახევრად აღიარებული სახელმწიფო, რომელიც ამ დროისათვის "თავისი" ტერიტორიის დიდი ნაწილს ვერ აკონტროლებს, იმის გამო, რომ მასზე პრეტენზიას დასავლეთ საჰარაში მდებარე ესპანეთის ყოფილი კოლონია აცხადებს. ესაზღვრება: მაროკოს, ალჟირს, მავრიტანიას და ატლანტიკურ ოკეანეს. მოსახლეობა: 270 000 მდე ადამიანი.