შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის რეგიონებში დანერგვისთვის მზადება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონების 13-მა თანამშრომელმა, მოქალაქეთა სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი გაიარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან - კახა ბუხრაძესთან ერთად, გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პირადად გადასცა.
ტრენინგები მოიცავდა „ეფექტური კომუნიკაციისა“ და "სერვის-პლუსის" როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. ორივე კურსი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მის საჭიროებებზე მორგებული მეთოდოლოგიით ჩატარდა.
გადამზადებული თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქში საპოლიციო სერვისებით მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის 1 მაისს, თბილისში გაიხსნა. მან დღემდე საქართველოსა და უცხო ქვეყნის 250 000-მდე მოქალაქეს გაუწია საპოლიციო მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.