ჩვენი ამოცანაა 2020 წელს მოვიდეთ პარლამენტში უმრავლესობით. თუ ვერ მოვალთ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს 2020 წელს კოალიციური მთავრობის შესაძლო ჩამოყალიბებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს „ქართულმა ოცნებამ“ რომელ პარტიასთან შეიძლება ითანამშრომლოს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ უმრავლესობით ვერ მოვლენ, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევთ.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი, “ქართული ოცნების” ამოცანა იქნება, რაც უნდა ჰქონდეს წარმატებულ პოლიტიკურ ძალას და პარტიას, რომ მივიღოთ საკმარისი მანდატები და უმრავლესობა 2020 წლის პარლამენტში. თუ ამას ვერ შევძლებთ მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და განხილვა, თუ როგორ შეიძლება კოალიცია ჩამოყალიბდეს. ვისთან და ვის შორის შეიძლება კოალიციური შეთანხმებები შედგეს, ეს არის არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული. უნდა დაველოდოთ 2020 წლის არჩევნების შედეგებს და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია კონკრეტული გეგმები გავახმოვანოთ“, - თქვა თალაკვაძემ.