5 Things to know before your first Georgian feast - ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
National Geographic-ის ჟურნალისტმა, ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და ამჯერად მკითხველს ქართული სუფრის ტრადიციებისა და კერძების შესახებ მოუთხრო.
"საქართველოში ყოფნისას მე დამპატიჟეს ათობით სუფრაზე არა მხოლოდ მეზობლებმა და მეგობრებმა, არამედ სრულიად უცხო ადამიანებმაც. ვიყავი საქართველოს მთიან ნაწილშიც- ხევსურეთში. ქართულ სუფრასთან როდესაც მოხვდებით თქვენ დააგემოვნებთ უამრავ ნაციონალურ კერძს, მაგრამ ყველაზე გამორჩეულია მწვადი , ხაჭაპური და ხინკალი. ქართული სუფრა შედგება უამრავი სხვა უგემრიელესი კერძისგან. ქართული სუფრის ტრადიციაა, რომ სუფრას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თამადა, ქართული სუფრიდან უკმაყოფილო არავინ მიდის", - წერს ტარა იზაბელა ბარტონი.
National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.
"ტურისტულად სტრატეგიულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საპრომოციო აქტივობებს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან გამოცემა National Geographic-ის პლათფორმაზე, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს საქართველოს შესახებ კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. National Geographic-ის სტატიები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის მნიშვნელოვან ზრდას და პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.