საქართველოს პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე.
"2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში", ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად ცნო. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე პროკურატურაში არის დაბარებული დადგენილების გასაცნობად.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.