ივანე მაჭავარიანი პასუხი მამუკა ხაზარაძეს. "ვალების განულების პროგრამასთან დაკავშირებით სრულად ვიყავი ჩართული პროცესში და ის აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების პასუხად. მინისტრი აცხადებს, რომ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი იყო, ზოგიერთმა კი, აღნიშნული პროგრამის მიმართ ინტერესი საერთოდ არ გამოხატა, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.
„შეგიძლიათ, გამოიძიოთ და ნახოთ. ვერც ერთს იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის რამე მოყვა, არამედ არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება. ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომელთა ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან, ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა, რამე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრმა თქვა, რომ ხაზარაძის განცხადება არის ტყუილი.
„მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეს ტყუილი ხაზარაძეს. არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთი მხრივ, პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად, დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. ვფიქრობ, ეს შუალედი გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით – გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მამუკა ხაზარაის განცხადება