საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპის ფონდმა "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში" კვლევის ანგარიში დღეს წარმოადგინა.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 10% არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და 7% არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში; 12%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.
"2019 წელს მიღებული პასუხების განაწილება 2017 წელს მიღებული შედეგების ანალოგიურია. ევროპის ფონდის გამოკითხვების 2009, 2011 და 2013 წლების ტალღებში ევროინტეგრაციის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა - შესაბამისად, 79%, 80% და78%;
2009 წელს მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა უპასუხა, რომ არ დაუჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხვის 2015 წლის ტალღაში ყველაზე თავშეკავებული მხარდაჭერა დაფიქსირდა: მოსახლეობის 61%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 11% არ დაუჭერდა მხარს, ხოლო17%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. თუმცა, 2017 და 2019 წლებში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ გაიზარდა", - წერია კლევის ანგარიშში.
გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება.
წელს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით.