საქართველოს მოსახლეობის 16% საქართველოს ევროკავშირის წევრად მიიჩნევს, - ევროპის ფონდმა "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში" კვლევის ანგარიში დღეს წარმოადგინა.
როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, თვალშისაცემია პასუხების დინამიკა კითხვაზე, არის თუ არა, საქართველო ევროკავშირის წევრი. კერძოდ, 2009 წლიდან 2015 წლამდე იზრდებოდა სწორი პასუხების წილი.
"თუმცა, 2017 და 2019 წლების ტალღებში არასწორი პასუხების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა – ორივე შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის 16% საქართველოს ევროკავშირის წევრად მიიჩნევს. ეს შედეგი არ განსხვავდება დასახლებული პუნქტის ტიპის ან ეთნიკური ჯგუფის მიხედვით", - აღნიშნულია ანგარიშში.
გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება.
წელს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(Danida) მხარდაჭერით.