საქართველოს მოსახლეობის 40%-ის აზრით, ევროკავშირის დახმარება იხარჯება "უფრო არამიზნობრივად, ვიდრე მიზნობრივად". ევროპის ფონდმა "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში" კვლევის ანგარიში დღეს წარმოადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არის შეცვლილი მოსახლეობის წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება. კერძოდ, 20% პასუხობს, რომ ეს დახმარება საერთოდ არ იხარჯება მიზნობრივად, 40%-ის აზრით, ის იხარჯება "უფრო არამიზნობრივად, ვიდრე მიზნობრივად".
"2017 წლის ანალოგიურად, აბსოლუტურ უმცირესობაში არიან ისინი, ვინც უპასუხა, რომ ეს დახმარება "სრულიად მიზნობრივად" იხარჯება - 3%", - წერია ანგარიშში.
გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება.
წელს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(Danida) მხარდაჭერით.