მთავრობას 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა და რამდენიმე დღეში მისი საკომიტეტო განხილვებიც დაიწყება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელზე, 7 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.9%-ს, თუმცა წარმოდგენილი პროექტით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში.
პროექტის თანახმად, მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4.5%-ის ოდენობით. გასული წლის ნოემბერთან შედარებით დაზუსტდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდა ნომინალურ გამოხატულებაში, რისი გათვალისწინებითაც 2019 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის განახლებული პროგნოზით 44.9 მლრდ ლარს შეადგენს.
საგადასახადო შემოსავლების შესრულება სახეების მიხედვით განსხვავდება გასული წლის ნოემბერში შემუშავებული საპროგნოზო მაჩვენებლებისაგან (შემოსავლები აქციზიდან შემცირებულია თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის ცვლილებიდან და შესაბამისად თუთუნის მოხმარებაზე გადასვლიდან გამომდინარე), თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ჯამურად კვლავ 9 645.0 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 30 მლნ ლარით და შეადგენს 11 310 მლნ ლარს.
„2019 წლისათვის დამატებითი რესურსის მობილიზება ასევე ხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების გამოშვებით მიღებული შემოსულობების ხარჯზე. 2019 წელს ჯამურად მოხდება 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400.0
მლნ ლარისა) ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდა დაკავშირებულია, როგორც ბაზრის განვითარების ღონისძიებებთან, კერძოდ, გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება, ასევე, მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის საჭიროა რესურსების მობილიზება.
მობილიზებული რესურსის ნაწილი მიიმართება განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ ასაკით პენსიონერი პრაქტიკოსი იმ მასწავლებლების ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ტოვებენ განათლების სისტემას, ასევე რესურსები გათვალისწინებულია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2019 წელს დაიწყო მასშტაბური საგზაო პროექტები, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით. კომპლექსურობის გათვალისწინებით, რიკოთის მონაკვეთის ზოგიერთ კომპონენტზე პროექტის დონორული დაფინანსების ათვისებამ ნაწილობრივ გადაინაცვლა შემდეგ წლებში, თუმცა დონორული დაფინანსების ათვისების პროგნოზის შემცირების მიუხედავად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ასათვისებელი ბიუჯეტი ჯამურად იგივე რჩება და ხდება საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დასაფინასნებელი იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც გათვალისწინებული იყო საშუალოვადიან ჩარჩოში”, აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარაში.
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს ასევე დაიწყო რამდენიმე ახალი მუნიციპალური პროგრამის განხორციელება (ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის ამბულატორიების მშენებელობა (23 მლნ ლარი) და სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისათვის (17 მლნ ლარი) გამოიყო შესაბამისი რესურსები), ხოლო სოფლის ხელშეწყობის პროგრამისათვის გათვალისწინებული თანხები თავდაპირველი 20 მლნ ლარის ნაცვლად გაიზარდა 40 მლნ ლარამდე. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება მუნიციპალიტეტების მიერ, მათ შორის დამატებითი რესურსის გამოყოფა ხორციელდება ქ. თბილისში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დეცენტრალიზაციის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდა რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა სკოლების რეაბილიტაციის და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ფუნქციების ნაწილობრივი განხორციელებისათვის.
2019 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი დეფიციტი (საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეთოდოლოგიით) ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, ხოლო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დეფიციტი განისაზღვრება მშპ-ის 2.7%-ით (ზღვარი 3%) .
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რეალური ეკონომიკური ზრდა - 4.5%; მშპ-ს დეფლატორი - 4.5%; ინფლაცია (პერიოდის საშუალო) - 4.0% ნომინალური მშპ - 44 857,6 მლნ ლარი;