მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ძლიერი საქართველო – ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს“.
„ბიზნესმენებს საქართველოში უკვე თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, მოქალაქეებს – ტროტუარზე დგომა, ხოლო ემიგრანტებს – არჩევნებში მონაწილეობა. ეს რეალობა დააყენა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 35 წლის თავზე ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამყარა. უკვე ძალაშია შესული რეპრესიული კანონი, კერძოდ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მეწარმე სუბიექტებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ. ეს კიდევ ერთ რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლითაც რეჟიმი ცდილობს ბიზნესსაზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებას. როდესაც ხელისუფლება ბიზნესს უკრძალავს თავისუფალ სამოქალაქო აქტივობას დ აპოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის სადამსჯელო ზომებს უწესებს, ეს აღარ არის სამართლებრივი რეგულაცია, ეს არის რეპრესია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის გაჩუმებას და თავისუფალი, კრიტიკული სივრცის ტოტალურ ჩახშობას. ივანიშვილს სურს ქვეყანა, სადაც დუმს ყველა – მოქალაქეც, ბიზნესიც და სრულიად საზოგადოება. მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია. ეს არის აქტიური საზოგადოების დემონტაჟის მცდელობა, რადგან ბიზნესი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავისუფალი საზოგადოების საყრდენია. მისი დაშინება და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება კი ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. „ძლიერი საქართველო – ლელო“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს და ვაცხადებთ: თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!“ – ნათქვამია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაში.