ტყვეების 73-ე გაცვლის ფარგლებში რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში კიდევ 193 დამცველი დაბრუნდა
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„193 უკრაინელი მებრძოლი ბრუნდება სახლში გაცვლის ფარგლებში.
სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, სახელმწიფო საზღვრის სამსახურიდგან, ეროვნული პოლიციიდან და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდგან. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა მიმართულებაზე. მათ შორის არიან ისეთებიც, ვის წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ასევე არიან დაჭრილებიც,“ - წერს ზელენსკი.
საკოორდინაციო შტაბში აღნიშნავენ, რომ ეს ღონისძიება აღდგომის გაცვლის გაგრძელებაა და შესაბამისი შეთანხმებების შესრულების ნაწილი.
უკრაინული მედიის ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნდნენ 2000-იანი წლების დაბადებული ახალგაზრდები, ასევე დაჭრილი მებრძოლები. გათავისუფლებულთა უმრავლესობა უკანონოდ იყო დაკავებული ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ნაწილის მიმართ რუსეთის მხრიდან იყო შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები, რაც ჟენევის კონვენციების დარღვევას წარმოადგენს.
გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე სახლში ბრუნდებიან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მებრძოლები. რიგითი და სერჟანტების გარდა, გათავისუფლებულია რამდენიმე ოფიცერიც.
გათავისუფლებულმა სამხედროებმა უკრაინას იცავდნენ ლუჰანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და კურსკის მიმართულებებზე. ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი 24 წლისაა — იგი ტყვედ 2023 წელს, დონეცკის მიმართულებაზე ჩავარდა. ყველაზე ხანდაზმული გათავისუფლებული დამცველი 60 წლისაა.