მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველო წელს მეცხრედ მასპინძლობს, დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.
სწავლების დახურვა მონაწილე ქვედანაყოფების საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა. წვრთნები არტილერიის მხარდაჭერით თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს მოიცავდა, სადაც რეიდი, საინჟინრო აფეთქებები, არტილერიის ცეცხლით მხარდაჭერა, თავდაცვითი ოპერაცია სატანკო ქვედანაყოფებით და ტანკ-საწინააღმდეგო სისტემებით მოწინააღმდეგის ბლოკირება, კონტრშეტევა მექანიზირებული ქვედანაყოფებით, გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება განხორციელდა.
საჩვენებლი წვრთნის შემდეგ, Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას მრავალეროვნული წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს.
მოგვიანებით კი, სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
წელს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში პარალელურად მიმდინარეობდა. დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანში, მე-11 პოლიგონზეც გაიმართა.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების სცენარი სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს ითვალისწინებდა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება იყო.