აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ეს განცხადება ბაღაფშმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ბაღაფშის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის კრიტიან ბჟანიას განცხადებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სერგეი ბაღაფშმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქმის გამოძიების მსვლელობის დროს მისი უწყვეტი ინფორმირება დაავალა.
მისივე ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ასევე მოსთხოვა აღნიშნული ფაქტის გამოძიების საქმეში "ყველა მექანიზმი ჩართონ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის რუს კოლეგებს მიმართონ".
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამო "სახელმწიფო ან საზოგადო პირის სიცოცხლის ხელყოფის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა გუშინ მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. თავად ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.