სეპარატისტულ აფხაზეთში გამოვიდა წიგნი სახელწოდებით "ქართულ-აფხაზური ომი 1992-1993 წწ. (საბრძოლო მოქმედებები)". წიგნის ავტორი ვინმე ვალიკო ფაჩულიაა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, წიგნში არის მცდელობა 1992-1993 წწ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისა.
"ასევე ასახულია ომისშემდგომი ოპერაციები: ლათის (1994 წ.) მასის - (1998 წ.) ანტიტერორისტული - გალის რაიონში (2001 წ.) და კოდორის ხეობისა და ზემო-კოდორის (2008 წ.). წიგნში ასევე არის საუბარი მიზეზებზე, რომელთა გამოც აფხაზმა ხალხმა ქართველ აგრესორს სძლია", _ იუწყება აფხაზური მედია.
წიგნში ასევე არის ჩამონათვალი აღნიშნული კონფლიქტის დროს დაღუპული ბოევიკებისა. წიგნი ილუსტრირებულია და მასში მრავლადაა გამოყენებული ე.წ. აფხაზური არმიის გენერალური შტაბის რუკები. წიგნი დაფუძნებულია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებზე.
წიგნში ასევე არის სტატიები ე.წ. აფხაზური არმიის მეთაურების - ვლადისლავ არძინბას, სერგეი ბაღაფშის, სულტან სოსნალიევის, სერგეი დბარის, რაულ ხაჯიმბას, ვიაჩესლავ ეშბას, მერაბ ქიშმარიას, ვლადიმერ მიკანბას, ანატოლი ზაიცევის შესახებ.
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული "ნაშრომის მომზადებაში" თავისი "დიდი წვლილი" შეიტანა ისტორიკოსმა სტანისლავ ლაკობამ.